მდინარე რიონის წყლის რესურსების რაოდენობრივი შეფასება და მართვა (კოლხეთის დაბლობის ფარგლებში)

გრანტის ნომერი: PHDF-19-1524

სათაური: მდინარე რიონის წყლის რესურსების რაოდენობრივი შეფასება და მართვა (კოლხეთის დაბლობის ფარგლებში)

დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 26.09.2019-26.03.2020

პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა გულაშვილი

ძირითადი პერსონალი: ზაზა გულაშვილი

ანოტაცია

თითქმის 20 წელია, რაც ევროპულმა საზოგადოებამ წყლის მართვის ევროპული დირექტივები დანერგა. მისი მთავარი მითითებებია წყლის კარგი ხარისხის მიღება და წყლის რაციონალური გამოყენების პრინციპების შემუშავება და იმპლემენტაცია. საქართველოში აღნიშნული პროცესი უკვე 3 წელია რაც მიმდინარეობს. ქვეყნის ტერიტორია ჰიდროლოგიური ქსელისა და გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით დაიყო 6 აუზური მართვის არეალად. ერთ-ერთი მათ შორის არის მდინარე რიონის აუზი, რომლის ფართობი 13000 კმ2-ია. აუზის ქსელი დაახლოებით 700-მდე მდინარეს მოიცავს. გარდა ამისა არეალში განლაგებულია წყალსაცავები და საირიგაციო არხების სისტემა. მდინარე რიონი ქვემო დინებაში გაივლის კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან ტერიტორიებს და ქალაქ ფოთთან ჩაედინება შავ ზღვაში. რიონი საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა და ამ პარამეტრის გათვალისწინებით ხასიათდება ხშირი სტიქიური მოვლენებით, განსაკუთრებით გაზაფხულის სეზონური წყალდიდობების დროს. ამას ემატება მისი შენაკადებიც, რომლებიც სათავეს მაღალი ნიშნულებიდან იღებენ და ჩქარი დინებით გამოირჩევიან. ისტორიულად დაფიქსირებული წყალმოვარდნები ყველაზე მასშტაბურია საქართველოს სხვა მდინარეთა აუზებთან შედარებით და უდიდესი ზარალიც გამოიწვია სხვადასხვა დროს.

რიონის ჰიდროლოგიური რეჟიმით გამოწვეულ სტიქიურ მოვლენებზე დიდადაა დამოკიდებული აქ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფუნქციონირება და დასახლებული პუნქტების სტაბილური განვითარების პროცესი, რადგან მისი კალაპოტი ქვემო და შუა დინებაში უშუალო შემხებლობაშია აღნიშნულ ობიექტებთან. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ამ არეალში მრავლადაა მოწყვლადი ფართობები, რომელთათვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს სტიქიური რისკების პრევენცია და შერბილება.

რიონის აუზში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, თავს იყრის ორი კულტურულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქალაქი - ქუთაისი და სამტრედია, და მათ აგლომერაციაში მოქცეული სასოფლო დასახლებები, რომელთა შემოსავლის მთავარ წყაროს სასოფლო-სამეურნეო სფეროში თვითდასაქმება და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. ამიტომ, ამ არეალების მოწყვლადობის შემცირება და სტაბილური ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ვინაიდან საკვლევი არეალის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სოფლის მეურნეობას უკავია, მთავარ გამოწვევას რიონის აუზის წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება და ამ გამოყენების თანამედროვე სქემის ჩამოყალიბება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ასევე დიდი საქალაქო დასახლებების და სასოფლო არეალების სასმელი წყლით მომარაგების საკითხის ეფექტურად გადაწყვეტა. მდინარე რიონზე გახშირებული სტიქიური მოვლენები ზედაპირულ წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, რომ აუზში საკმარისზე მეტი რაოდენობის წყლის რესურსია, რომლის სწორი განაწილება მეტად აამაღლებდა რეგიონის ეკონომიკური სარგებლის ეფექტს და მივიღებდით მეცნიერულად დასაბუთებულ რეგულირებულ სააუზო მართვის სისტემას.

კვლევის პირველი ეტაპის ამოცანა გულისხმობდა წყლის რესურსების მართვის ევროპული თუ სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაანალიზებას მართვის პოლიტიკის კუთხით და საქართველოში არსებული  პრობლემების იდენტიფიცირებას, ასევე ყველა იმ ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებების გაცნობას, რომლებიც ემსახურებოდა პრობლემების გადაჭრას და საბოლოოდ ევროპული საზოგადოება მიიყვანა წყლის ევროპული ჩარჩო დირექტივის შექმნამდე.

კვლევისას ძირითად გამოვიყენე რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითი, რომელთა შერჩევაში განმაპირობებელი იყო 2 ფაქტორი: 1. ჩემი პროექტის საკვლევ რეგიონთან და საკვლევი მდინარის ჰიდროლოგიურ თუ სხვა მახასიათებლებთან მსგავსება და 2. მართვის პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ადაპტირებადი იქნებოდა საქართველოს რეალობისთვის. თუმცა, ძირითადად მაინც ევროპული გამოცდილება უპირატეს როლს თამაშობს, რადგან პროექტიც და საქართველოს ჩართულობაც წყლის მართვის სფეროში ევროპული დირექტივების დანერგვას გულისხმობს როგორც პოლიტიკური, ასევე გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით.

ევროპული მაგალითების გაცნობისას მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია მდინარე რეინის მართვის პროცესის გაცნობამ და მიღებულმა შედეგებმა. აუზი 5 ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს – შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, გერმანია, ნიდერლანდები. რეინი მთისა და ბარის მდინარეა, სათავეს იღებს ევროპის ალპებში. საფრანგეთის ელზასის რეგიონის გავლისას ბინძურდებოდა კალიუმის მოპოვების შედეგად ჩამდინარე ნარჩენებით, რის გამოც, გარდა თავად მდინარის დაბინძურებისა, ქვედა დინებაში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც უსარგებლო ხდებოდა. საბოლოოდ, მიღებულმა ზომებმა მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღეს და დღესდღეობით მდინარე რეინი ერთ-ერთ ყველაზე „მოვლილ“ მდინარედ შეიძლება ჩავთვალოთ.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას – ქვეყანა დირექტივას 2016 წელს მიუერთდა. სამწუხაროდ კანონების უმეტ-ესობა ნომინალურ ხასიათს ატარებენ და არ მომხდარა კანონით განსაზღვრული ნორმების თანამიმდევრული ასახვა კანონმდებლო-ბის მომიჯნავე დარგებში. რიონის აუზის კვლევებისთვის კარგ მაგალითად მიმაჩნია ზემოთ ნაჩვენები მდინარე რეინის აუზის მართვის სქემა. რეინი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, თუმცა თუ ამ პრინციპს გადმოვიტანთ უფრო მცირე მასშტაბში, ანუ რიონის აუზს თუ დავყოფთ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული პრინციპით, მაშინ წყლის საბჭოებთან ერთად უშუალოდ ყოველდღიურ საქმიანობაში შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია მუნიციპალური ორგანოების ჩართვა (მართვის გეგმების შემუშავების პირველ ეტაპზე მაინც).

საკვლევ არეალში შეგროვდა ინფორმაცია მიწის ფონდის სტრუქტურის შესახებ. სულ მიწის ფართობები შეადგენს 34226,8 ჰექტარს, აქედან 4889,4 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო ფართობებია, ხოლო დანარჩენი 29326,9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო. ეს ფართობები ათეული წლების განმავლობაში სარგებლობდნენ რიონის აუზში მოწყობილი ორი ძირითადი არხთა სისტემით: საბჭოთა-მაშველის და ცხენისწყლის არხებით, თუმცა გასულ ათწლეულებში განვითარებული უარყოფითი მოვლენების გამო ფუნქცია დაკარგეს. მოსარგებლეთა ინტერაქტიულ რუკაზე დატანილია ყველა ის სამეურნეო მიწები, რომლებიც მოქცეულია საკვლევ რეგიონში, თავისი ფართობებით და მცირე აღწერით. რუკები აგებულია ArcGIS-ის გამოყენებით.

პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო აუზის მოდელირება პროგრამა AQUATOOL-ის საშუალებით. პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვნახოთ თუ რა რესურსი გვაქვს მდინარის ამა თუ იმ აუზში, ვიცით რა არსებული სამომხმარებლო პროცესები და ამის შემდეგ შეგვიძლია დავგეგმოთ სამომავლოდ რესურსების განაწილების სქემაც, რომელიც გათვალისწინებულია წყლის ევროპული ჩარჩო დირექტივის პრინციპებით.

საველე გასვლისას გაირკვა ასევე, რომ მნიშვნელოვან დანაკარგები ადგება ძველ ამორტიზებულ სისტემასაც - 50% იკარგება დაზიანებული მილების გამო. დანარჩენი წყალი თვითდინებით მიედინება იმ არხებში სადაც საშუალებაა რომ გაიაროს. ეს უკანასკნელი მცირე, მაგრამ მაინც დადებით როლს თამაშობს, რიონის და შენაკადების კალაპოტების განტვირთვისთვის, რაც განსაკუთრებით საკვლევი რეგიონის აღმოსავლეთით, ქალაქ ქუთაისისკენ მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თემებს არიდებს წყალმოვარდნის მძიმე შედეგებს.

პროგრამა WEAP-ით ავაგე საკვლევ არეალში წყლის რესურსების განაწილების ალტერნატიული სქემა. მოდელში ასახულია ყველა ის დასახლება თუ თემი, რომელიც საკვლევ არეალში ხვდება. ალტერნატიულ სქემაში სუფთა წყლის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ჩართულია წყალგამწმენდი ნაგებობები. სქემა ისეა შედგენილი, რომ ყველა წყლის მიწოდების ხაზი ბოლოს უზრუნველყოფილი იყოს გამწმენდი ნაგებობებით. სქემაში აქტიურად  არის ჩართული მდინარე გუბისწყალი და ცხენისწყალი, და ასევე მოიაზრება ძირითად მდინარეთა შენაკადების შედეგად მიღებული რესურსები.

ნაწილი შედეგებისა წარვადგინე საერთაშორისო ღონისძიებაზე ბუდაპეშტში და თსუ საფაკულტეტო კონფერენციაზე. საბოლოო შედეგების პრეზენტაცია იგეგმება ასევე ადგილობრივ კონფერენციაზე და გამოქვეყნდება რეცენზირებად გამოცემაში, რომელზეც თანხმობა უკვე მიღებული მაქვს."        "

  •  წყალსამეურნეო სისტემის ციფრული რუკა;
  • წყალსამეურნეო სისტემაში ჩართული მხარეების მონაცემთა ბაზა;
  • საკვლევი არეალის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის რუკა;
  • მდინარე რიონის აუზის ჰიდროლოგიური მოდელი AQUATOOL-ში;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და ეკონომიკური ეფექტის ანგარიში;
  • წყლის ინტეგრირებული მართვის რეკომენდაციები და ალტერნატიული სქემა საკვლევი არეალისთვის;
  • პრეზენტაცია საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებაზე;
  • სტატია საერთაშორისო კონფერენციის SGEM2020-ის რეცენზირებად და ინდექსირებულ შრომათა კრებულში."